Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია

თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია — ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ეკლესია (9,7 X 10,5 მ) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციულ და დეკორატიულ ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. XVIII საუკუნეში ეკლესია შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი, გაუმაგრებიათ დასავლეთის მკლავის კედლები. ამოუშენებიათ დასავლეთის სარკმელი და სამხრეთის კარი, დასავლეთით მიუშენებიათ სამრეკლო.

1952-54 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გაიწმინდა, გამაგრდა კონსტრუქციული ელემენტები, აღდგენილ იქნა კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეული ნაწილი, მთლიანად შეიცვალა სახურავი, ეკლესიას ძველი გეგმის მიხედვით შემოავლეს გალავანი.

ეკლესიის დასავლეთის სწორკუთხა მკლავის სამივე კედელში თითო კარია. საკურთხევლის ფართო და დაბალ შვერილ აფსიდში ერთი სარკმელია. აფსიდებიან სამკვეთლოსა და სადიაკვნეში შესასვლელები ბემიდანაა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავების ვიწრო, გარედან სწორკუთხა აფსიდებშიც თითო სარკმელია. მკლავების გადაკვეთით მიღებული სწორკუთხა სავრცე სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან დამატებული თაღებით კვადრატთანაა მიახლოებული. კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა ტრომპებით ხდება. ტრომპების კიდევ ერთი რიგით რვაკუთხედიდან გუმბათის წრიული საფუძველია მიღებული. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ოთხი პატარა სარკმელია.

ეკლესიაში შემორჩენილია IX-X საუკუნეების მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. IX საუკუნის მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველში. საკურთხევლის აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნაცრისფერ ფონზე გამოსახულია მოციქულთა ფიგურები. ქვემოთ, წმინდანთა ფეხებთან გავლებულია უსწორმასწორო ფართო შავი ზოლი. სარკმლის თავზე მედალიონში მაცხოვრის ბიუსტია მოთავსებული. საკურთხევლის მოხატულობის ქვედა რეგისტრში შემორჩენილია მხოლოდ კედლის კიდეებში სიმეტრიულად განლაგებული მოწითალო-აგურისფერი საღებავით შესრულებული ორი სწორკუთხედი, რომლებშიც გამოსახული ყოფილა განედლებული ჯვრები. მოხატულობაში გამოყენებულია ნაცრისფერი, ღია ვარდისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მუქი წითელი და მოვარდისფრო-ღვინისფერი საღებავები. სახის ნაკვთები და შარავანდები შესრულებულია შავი ხაზით.

X საუკუნის მხატვრობა შემორჩენილია ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავებში. დასავლეთ მკლავის წყვილ პილასტრებზე გამოსახულია ორი წმინდანი მთელი ტანით, სამხრეთ პილასტრზე - წმ. მეომარი. წმინდანის ფიგურა გაირჩევა ამავე მკლავის სამხრეთ კედელზეც. ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადში მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია შემორჩენილი. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი.

ფასადებზე კარების ზღუდეები და სარკმლების თავსართები შემკულია. გუმბათის ყელს შემოვლებული აქვს დეკორატიული თაღედი.

ეკლესია დგას ადრინდელ ფეოდალური ხანის ნასოფლარზე, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ფართობი უკავია. ნასოფლარზე აღმოჩნდა სხვადასხვა შენობების ნანგრევები და სხვადასხვა სახის და დანიშნულების კერამიკის ნატეხები. ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში დიდი მარნის ნანგრევებია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]