ძეგვი
სოფელი | |
---|---|
ძეგვი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძეგვი |
კოორდინატები | 41°50′47″ ჩ. გ. 44°35′56″ ა. გ. / 41.84639° ჩ. გ. 44.59889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2840[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,0 % სომხები 0,4 % რუსები 0,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ძეგვი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 9 კილომეტრით, რკინიგზის სადგურ ძეგვიდან 2 კილომეტრში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ძეგვი ისტორიული ძეგლია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირში.
ძეგვი (ძაგუი, ძეგუი) არქეოლოგიური მასალის მიხედვით ანტიკურ ხანაში უკვე დასახლებული იყო. ძეგვზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც ერთის მხრივ შიდა ქართლს ქვემო და ზემო ქართლთან, ხოლო მეორეს მხრივ ბარს მთასთან აკავშირებდა. ძეგვში უძველესი დროიდანვე ყოფილა საბაჟო, რომელსაც მნიშვნელობა შუა საუკუნეებშიც არ დაუკარგავს. XII საუკუნეში ძეგვი საკათალიკოსო სოფელია და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღებები ეკისრება. ამასთან სვეტიცხოვლის ფეოდალურ დამოკიდებულებაში მთლიანად ძეგვის თემი „ერთობლივ ძეგველებია“ მოქცეული და არა ცალკეული გლეხური კომლები. „ერთობლივ ძეგველები“ საკათალიკოსო დროშის ქვეშ ყოველთვის საუკეთესო სამხედრო რაზმს აყენებდნენ. ვახტანგ VI-ის 1720 წლის საბუთის მიხედვით XVIII საუკუნის I ნახევარში ძეგვიდან საუკეთესოდ შეიარაღებული 50 მეთოფე გამოდიოდა, რომლის 2/3 მხედარი იყი. ასეთი სამხედრო რაზმის გამოყვანისათვის სოფელს ძლიერი ეკონომიკური საფუძველი უნდა ჰქონოდა.
XVI საუკუნის 60-იან წლებში ქართლის მეფე სიმონმა თბილისის ყიზილბაშებისაგან განთავისუფლება დაისახა მიზხნად. ქართლელების დასახმარებლად კახეთის მეფე ლევანმა დიდი რაზმი გამოგზავნა თავისი ვაჟის გიორგის მეთაურობით. ქართლ-კახეთის შეერთებული ლაშქარი ციხედიდს დაბანაკდა. მუხათგვერდთან დაყენებული გუშაგის უგულისყურობამ მტერს საშუალება მისცა მოულოდნელად დასხმოდა თავს ქართველთა ბანაკს მიუხედავად იმისა ქართველებმა მტერს მამაცური წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი ზარალიც მიაყენეს. ყიზილბაშთა ლაშქარი განჯის ხანის სარდლობით ერთიან იერიშზე გადავიდა. არც ამან შეაკრთო ქართველთა ჯარი მაგრამ ბრძოლაში დაიღუპა კახთა მეფის ძე გიორგი. კახელები მომაკვდავ უფლისწულს მისცვივდნენ და ბრძოლა მიატოვეს. ბრძოლის ბედი ყიზილბაშთა სასარგებლოდ წარიმართა.
ქართველებმა უკან დაიხიეს. მრავალი ქართველი გაწყდა. თვითონ სიმონ მეფემ ხმლით გაიკაფა გზა და გორში ავიდა. თბილისის განთავისუფლება ამჯერად ვერ მოხერხდა.
ძეგველები ხშირად გამოდიოდნენ მონასტრის განმგებლებისა და ძეგვის მოურავის თვითნებობის წინააღმდეგ. XVII საუკუნის II ნახევარში მათ უარი თქვეს კულუხის გადახდაზე გადიდებული ერთეულით „დიდი კოკით“ და მოითხოვეს „თორმეტიანი კოკის“ დაწესება. ამასთან კათალიკოსს უნდა მოეშალა „სასახლე ძეგვის თავს“ და გაენთავისუფლებინა ძეგველები მონასტრის განმგებლების სასარგებლოდ ქერისა და პურის გამოსაღებისაგან. კათალიკოსმა შეასრულა ძეგველების მოთხოვნა - დააწესა „თორმეტიანი კოკა“, ხოლო მონასტრის მსახურთათვის პურისა და ქერის გაღება თვითონ იკისრა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2840 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 2911[2] |
2014 | 2840 |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, რომელთაგან აღსანიშნავია ერთნავიანი დარბაზული ეკლესია. გარედან შემოსილია სუფთად გათლილი ქვის ფილებით. კარ-სარკმელს პროფილირებული საპირეები ამკობს. შუა სოფელში დგას რიყის ქვის სწორი რიგებით ნაგები მრგვალი კოშკი. იგი საბრძოლო-საცხოვრებელი დანიშნულებისა იყო. კოშკის ზედა ნაწილში აგურით ამოყვანილი ფართო, თაღიანი ნიშია, რომელშიც სარკმლის ღიობია გაჭრილი. სოფლის მიდამოებში რამდენიმე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, მათ შორის X საუკუნის ბოძის საყდარი, რომლის ინტერიერში XI-XII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტებია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბორას საყდარი
- ძეგვის დედაღვთისმშობლის ეკლესია
- ძეგვის ეკლესია
- ძეგვის სამების დიდი ეკლესია
- ძეგვის სამების მცირე ეკლესია
- ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესია
- ძეგვის ყველაწმინდა
- ძეგვის წმინდა თევდორეს ეკლესია
- ბარგიყარიას სამაროვანი
- იოსებ გედევანიშვილის სახლი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 266.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 333.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|