Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Dire Straits

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Dire Straits

Dire Straits 1985 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუკასლი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ მუსიკა
აქტიური 1977–1995
ლეიბლ(ებ)ი
წევრები მარკ ნოპფლერი
ჯონ ილლსლი
ალან კლარკი
გაი ფლეტჩერი
ყოფილი წევრები დეივიდ ნოპფლერი
პიკ ვიზერსი
ჰოლ ლინდსი
ტერი უილიამსი
საიტი direstraits.com
Dire Straits ვიკისაწყობში

Dire Straitsინგლისური როკ ჯგუფი, რომელიც 1977 წელს ჩამოყალიბდა მარკ ნოპფლერის (ვოკალი, გიტარა), მისი ძმის დეივიდ ნოპფლერის (გიტარა), ჯონ ილლსლის (ბას გიტარა) და პიკ ვიზერსის მიერ. მიუხედავად პანკ-როკის ეპოქაში გამოჩენისა, ჯგუფისადმი ინტერესი დიდი იყო. Dire Straits შესძლო კლასიკური როკისა და თანამედროვე, ე.წ. სტადიონის როკის შეხამება. ჯგუფის პირველივე ალბომმა წარმატებით მოიარა ჩარტები.

Dire Straits-ის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Sultans of Swing, Romeo and Juliet, Tunnel of Love, Money for Nothing, Heavy Fuel, Walk of Life and Brothers in Arms.

დღემდე გაყიდულია ჯგუფის და მარკ ნოპფლერის სოლო შემოქმედების 118 მილიონი ალბომი.[1][2]

1978 წელს ჯგუფმა ჩაწერა პირველი სტუდიური ალბომი Dire Straits. ბრიტანეთში გამოცემული ალბომი თავდაპირველად არ შეამჩნიეს და იგი თითქოს ჩავარდა გაყიდვაში, მაგრამ მოგვიანებით ამ დისკით დაინტერესდა კერინ ბერგი, კომპანიის Warner Bros. Records ერთ-ერთი თანამშრომელი. მან იგრძნო, რომ ეს სწორედ ის მუსიკაა, რომელიც მოსწყურდა მსმენელს, მაგრამ თავდაპირველად კომპანიაში ამ აზრს მხოლოდ ერთი ადამიანი დაეთანხმა. ბრიტანეთში ჯგუფს ცუდად იცნობდნენ. აშშ-ში გამოცემის შემდეგ კი გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი. მოგვიანებით სინგლის სახით გამოიცა Sultans of Swing, რომელიც იქცა კოლექტივის პირველ წარმატებულ ბრიტანულ ჰიტად, მოხვდა საუკეთესო სიმღერების 10ეულში და რომელსაც მოგვიანებით ყველა საკონცერტო შესრულებისას ოვაციებით ხვდებოდნენ. ყოველ ევროპულ ქვეყანაში ალბომი მოხვდა საუკეთესო ალბომების 10ეულში.

მეორე სტუდიური დისკი, Communiqué გამოიცა 1979 წელს. Communiqué მოხვდა გერმანული ჩარტების სათავეში, ხოლო წინა სტუდიური დისკი - #3 ადგილზე.

1980 წელს გამოვიდა Dire Straits-ის მესამე ალბომი Making Movies. აქედან მოყოლებული, სიმღერების არანჟირება უფრო დატვირთული გახდა, რაც გაგრძელდა ჯგუფის დაშლამდე, 1990-იან წლებში. Romeo and Juliet, რომელიც დიდი წარმატებით მოხვდა ჩარტებში, იყო უკანასკნელი დიდი ჰიტი, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა მიიღო დეივიდ ნოპფლერმა - ამ პერიოდში ალბომი ჯერ კიდევ იწერებოდა. სესიური მუსიკოსის სახით ჯგუფში მოვიდა სიდ მაკგინისი, რომელმაც რითმ გიტარის პარტია ჩაწერა. მარკმა ამასობაში დაუკრა სოლო დეივიდის საკუთარ ალბომზე, მაგრამ დეივიდი ჯგუფში არ დაბრუნებულა.

მეოთხე სტუდიური დისკის, Love over Gold ჩაწერისათვის ჯგუფს შეუერთდნენ ალან კლარკი (კლავიშები) და კალიფორნიელი გიტარისტი (ჰოლ ლინდსი). ალბომი გამოვიდა 1982 და კვლავ მოხვდა ჩარტების #1 ადგილზე. მთავარი სინგლი აქედან იყო Private Investigations. ეს იყო ჯგუფისათვის პირველი სიმღერა, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო 5-ეულში - თუკი გავითვალისწინებთ მის არაკომერციულ ფორმატს - 7 წუთიან ხანგრძლივობას. ალბომის სავიზიტო ბარათად აგრეთვე იქცა სიმღერა Industrial Disease - განსაკუთრებით, კანადაში, სადაც იგი ასევე იყო საუკეთესო 10ეულის მონაწილე.

ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფიდან წავიდა პიკ ვიზერსი. მოგვიანებით მან საკუთარი სოლო კარიერა დაიწყო და ჯაზს გაჰყვა. მის მაგივრად ჯგუფში მოვიდა ტერი უილიამსი, ჯგუფის Rockpile ყოფილი წევრი.

1983 ჯგუფმა გამოსცა ოთხსიმღერიანი EP დისკი ExtendedancEPlay, ჰიტ სინგლით Twisting By the Pool. 1984 წელს გამოვიდა ჯგუფის ორმაგი საკონცერტო ალბომი Alchemy. ამ პერიოდში ნოპფლერი უკვე მუშაობდა ფილმების მუსიკაზე. ასეთი იყო, მაგალითად, ადგილობრივი გმირი.

თუმცა, ჯგუფის ნამდვილი წარმატება ჯერ კიდევ წინ იყო.

Brothers in Arms - მსოფლიო მასშტაბის წარმატება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წლის ბოლოს ჯგუფი დაჯდა სტუდიაში Air, კუნძულ მონსერატზე და ჩაწერა მეხუთე სტუდიური დისკი Brothers in Arms, რომელიც გამოვიდა 1985 წელს. ჩაწერის დროს რამდენიმეჯერ შეიცვალა შემადგენლობა, ჯგუფს დაემატა გაი ფლეტჩერი (კლავიშები), წავიდა გიტარისტი ჰოლ ლინდსი, რომელსაც ჩაენაცვლა ჯეკ სონი. ტერი უილიამსს დასარტყამებზე შეუერთდა ომარ ჰაკიმი.

Brothers In Arms იქცა ბრიტანეთის 1985 წლის ყველაზე გაყიდულ და წარმატებულ დისკად. მაგრამ ეს წარმატება მსოფლიო მასშთაბით გავრცელდა. ბრიტანეთში ამასობაში უკვე იქცა დიდ ჰიტად Money for Nothing. MTV-ს ეთერში ნაჩვენები მისი მუსიკალური ვიდეო იყო პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელიც ამ არხმა ბრიტანულ ეთერში გაუშვა. მასში ცნობილ ფრაზას I want my mtv მღერის სტინგი. მაგრამ მისი წარმატება დროებით დაჩრდილა შემდეგმა სინგლმა Walk of Life (#2 ადგილი ჩარტებში).

1985–86 წლების საკონცერტო ტურნე საოცრად წარმატებული გამოდგა. უემბლის სტადიონზე ჯგუფმა დაუკრა 13 საღამოს განმავლობაში. შემდეგი დიდი კონცერტი იყო აქციის Live Aid ფარგლებში გამოსვლა. ტური დასრულდა ავსტრალიაში, სადაც ჯგუფის რეკორდი კონცერტების ზედიზედ გამართვის მხრივ დღემდე არავის აქვს მოხსნილი - ეს იყო ენერგიული კონცერტების 21 საღამო. 2 წლის განმავლობაში მთლიანად ჯგუფმა გამართა 247 კონცერტი.

ალბომი Brothers in Arms კომერციული წარმატების გამო გამოიცა კომპაქტ დისკის ფორმატშიც (რომელიც მაშინ სიახლეს წარმოადგენდა). აუდიო დისკს თან ახლდა სინგლის Money for Nothing 12 წუთიანი ვერსია (გრამფირფიტაზე ჩაწერილი იყო 7 წუთიანი ვარიანტი).

Brothers in Arms ასევე წარმატებული იყო აშშ-ში, სადაც იგი მოხვდა ბილბორდის ჩარტების #1 ადგილზე, მიიღო ორმაგი პლატინის სტატუსი და 1986 წლისათვის ჯერ კიდევ #5 ადგილზე იმყოფებოდა. 1996 წლის აგვისტოში მას ცხრა გზის პლატინის სტატუსი მიენიჭა.

ტური Brothers in Arms დასრულდა 1986 წელს. ამის შემდეგ მარკ ნოპფლერი მუშაობდა სოლო პროექტებსა და ფილმების მუსიკაზე. ნელსონ მანდელას 70ე დაბადების დღისათვის (1988) ჯგუფი სპეციალურად გაერთიანდა. მოგვიანებით, იმავე წლის ოქტომბერში, გამოიცა სიმღერების კომპილაციური ალბომი Money for Nothing (#1 ადგილი ბრიტანეთის ჩარტებში).

1990 წლის განმავლობაში მარკ ნოპფლერი და გაი ფლეტჩერი თანამშრომლობდნენ და გამოდიოდნენ ჯგუფთან The Notting Hillbillies ერთად (მათი მნიშვნელოვანი სინგლი იყო Your Own Sweet Way, ალბომიდან Missing...Presumed Having a Good Time). 1991 წლის იანვარში ჯგუფი Dire Straits კვლავ აღდგა, მაგრამ ტერი უილიამსის გარეშე.

ამჯერად ჯგუფში იყვნენ: ნოპფლერი, ჯონ ილსლი, ალან კლარკი და გაი ფლეტჩერი. სტუდიურ სესიებზე დასარტყამებზე უკრავდა ჯეფ პორკარო (მოგვიანებით მას შესთავაზეს მუდმივი წევრობა, მაგრამ იგი უკვე უკრავდა ჯგუფში Toto და უარი თქვა ამ წინადადებაზე). ახალი სიმღერების დასრულების შემდეგ გამოიცა ჯგუფის ახალი დისკი On Every Street (1991).

On Every Street მსმენელმა დიდი სიამოვნებით მიიღო, მაგრამ კრიტიკოსების ნაწილმა მას წარუმატებელი მცდელობა უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნაკლებად წარმატებული იყო, ვიდრე წინა დისკი, მცირე დროის განმავლობაში მაინც მოხვდა ჩარტების #1 ადგილზე.

1991–1992 წლების მსოფლიო ტურიც არ იყო ისეთივე წარმატებული, როგორც წინა, 1985–1986 წლების ტური. მისი უკანასკნელი კონცერტი გაიმართა 1992 წლის 9 ოქტომბერს, ესპანეთში. მოგვიანებით, 1993 გამოიცა საკონცერტო ალბომი On the Night. მიუხედავად ამისა, მაინც აშკარა იყო, რომ ჯგუფის მსმენელებს სურდათ Brothers In Arms ტიპის აბსოლუტური ჰიტი.

1995 წელს გამოვიდა Dire Straits-ის უკანასკნელი დისკი, საკონცერტო Live at the BBC. ეს მოხდა კოლექტივის საბოლოო დაშლამდე. ჩანაწერი უფრო იყო კომპანიის Vertigo Records წინაშე ვალდებულების მოხდა და შეიცავდა რამდენიმე წლის წინ BBC-ზე ჩაწერილ სიმღერებს.

დაშლა და შემდგომი გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1995 წელს. ნოპფლერმა გადაწყვიტა უფრო მცირემასშტაბიანი სოლო ტურების მოწყობა, მით უმეტეს, რომ უკანასკნელმა ტურმა დაამტკიცა, რომ ჯგუფით დაინტერესებამ იკლო. დაშლის შემდეგ მარკმა განაგრძო სოლო პროექტებზე მუშაობა.

სხვადასხვა წლებში გამოვიდა ჯგუფის სიმღერების რამდენიმე კრებული: პირველი იყო Sultans of Swing: The Very Best of Dire Straits (1998 წლის ოქტომბერი). უკანასკნელი მათგანი, The Best of Dire Straits & Mark Knopfler: Private Investigations (2005) ასევე შეიცავს მარკის სოლო კომპოზიციებსაც (სტუდიური ალბომებიდან და ფილმებიდან). მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის ჯგუფის დაშლიდან 10 წელი გავიდა, ალბომის ასლები დიდი რაოდენობით გაიყიდა. მასში აგრეთვე შეტანილი იქნა ერთი ახალი კომპოზიცია - All The Roadrunning, რომელიც მოგვიანებით შეტანილი იქნა ემილუ ჰარისთან ერთად ჩაწერილ დისკში All the Roadrunning.

სხვადასხვა წლებში საკუთარ სიმპატიებს ჯგუფის და მარკ ნოპფლერის შემოქმედების მიმართ გამოხატავდნენ: დუგლას ადამსი, პრინცესა დაიანა, კუენტინ ტარანტინო, ჯგუფი The Killers (რომლებმაც ასევე შეასრულეს სიმღერის Romeo and Juliet საკუთარი ვერსია), ჯგუფი System of a down და მეტალიკა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Dire Straits' Mark Knopfler to give benefit concert at Opera House Boothbayregister 17 August 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-17. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
  2. Guy Fletcher official site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-19. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dire_Straits&oldid=4636735“-დან