Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ჯოან ინგლისელი (1165-1199)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოან ინგლისელი
სიცილიის დედოფალი
კორონაცია: 13 თებერვალი, 1177
მმართ. დასაწყისი: 13 თებერვალი, 1177
მმართ. დასასრული: 11 ნოემბერი, 1189
წინამორბედი: მარგარიტა ნავარელი
მემკვიდრე: სიბილა ასერელი
ტულუზის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: ოქტომბერი, 1196
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1199
წინამორბედი: ბეატრის ტრენკაველი
მემკვიდრე: ელეონორ არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ოქტომბერი, 1165
დაბ. ადგილი: ანჟე, ანჟუ
გარდ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1199, (33 წლის)
გარდ. ადგილი: რუანი, ნორმანდია
მეუღლე: გულიელმო II, სიცილიის მეფე
(ქ. 1177 - გარდ. 1189)
რაიმონ VI, ტულუზის გრაფი
(ქ. 1196)
შვილები: ბემონი, აპულიას ჰერცოგი
რაიმონ VII, ტულუზის გრაფი
ჟანა
რიჩარდი
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჰენრი II, ინგლისის მეფე
დედა: ელეონორ აკვიტანიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჯოან ინგლისელი (ინგლ. Joan of England, იტალ. Giovanna d'Inghilterra, ფრანგ. Jeanne d'Angleterre; დ. ოქტომბერი, 1165 — გ. 4 სექტემბერი, 1199) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და დედოფალ ელეანორ აკვიტანიელის უმცროსი ასული. სიცილიის დედოფალი 1177-89 წლებში როგორც გულიელმო II-ის, ხოლო ტულუზის გრაფინია 1196-99 წლებში როგორც რაიმონ VI-ის მეუღლე.

ჯოანი დაიბადა 1165 წლის ოქტომბერში, ანჟუს საჰერცოგოს ქალაქ ანჟეში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის უმცროსი ქალიშვილი. ჯოანმა მთელი ბავშვობა დედასთან ერთად გაატარა ვინჩესტერსა და პუატიეში. როგორც ახალგაზრდა პლანტაგენეტი პრინცესა, ჯოანი საზღვარგარეთ გათხოვებისათვის ემზადებოდა და საუკეთესო განათლებას იღებდა. მან გარდა სხვა საგნებისა, იცოდა ექვსი უცხო ენა, რათა თავისუფლად შესძლებოდა ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში გათხოვება. მიუხედავად ამისა, ჯოანს ძალიან უყვარდა ცეკვა, ცხენით ჯირითი და სიმღერა.

რიჩარდ I და ჯოანი ხვდებიან საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ს

1176 წელს სიცილიის მეფე გულიელმო II-მ დიდი ელჩობა გააგზავნა ინგლისის სამეფო კარზე და პრინცესა ჯოანის ხელი ითხოვა. ჰენრი II ცხადია სიხარულით დასთანხმდა ამ შეთავაზებას და 20 მაისს უკვე მათი ნიშნობა შედგა. მეფე ჰენრიმ დიდძალი ფული და ძალისხმევა დახარჯა ჯოანის ქორწილისათვის მზადებისას. საბოლოოდ, ამავე წლის 27 ივლისს ჯოანმა ინგლისიდან გაცურა დიდი მზითვითა და ამალით, რომელშიც შედიოდნენ ჯონ ოქსფორდი, სარის გრაფი ჰამელინ უარენი და მისი ძმა, პრინცი ჰენრი. აღსანიშნავია, რომ პრინცმა ჰენრიმ ჯოანი მხოლოდ პუატიემდე ჩააცილა, იქიდან კი მას მეორე ძმა, პრინცი რიჩარდი გაჰყვა სიცილიამდე. გზად ჯოანმა და რიჩარდმა საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ც მოინახულეს. ცნობილია, რომ ისინი სიცილიამდე ჩასვლისას ძალიან გაწვალდნენ, რადგან ხშირად გასაჩერებელი ადგილი არ იყო და პირდაპირ ღია ცის ქვეშ, ტრიალ მინდორზე უხდებოდათ დაძინება. სიცილიაში ჩასვლისას ინგლისელებს კაპუას არქიეპისკოპოსი ალფონსო და სირაკუზას ეპისკოპოსი რიჩარდ პალმერი დახვდნენ.

ჯოანი სიცილიის დედაქალაქ პალერმოში მხოლოდ 1177 წლის 13 თებერვალს შევიდა დიდი ზეიმით. ამავე დღეს ჯოანი და მეფე გულიელმო დაქორწინდნენ. ასევე ამავე 13 თებერვალს, პალერმოს კათედრალში შედგა ჯოანის კორონაცია სიცილიის დედოფლად.

იმის გარდა, რომ ჯოანი და გულიელმო ხასიათით ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს, მის უბედურებას ისიც დაერთო, რომ წლების მანძილზე დედოფალი ბავშვს ვერ აჩენდა და ათასგვარი ჭორები დადიოდა. საბოლოოდ, მხოლოდ 1182 წელს შესძლო ჯოანმა ვაჟის გაჩენა, რომელსაც ბემონი დაარქვეს. დაორსულებამდე გულიელმო ევროპელი მონარქების ტრადიციის მიხედვით უშვილო ცოლთან განქორწინებასაც კი აპირებდა. ასევე ცნობილია, რომ ვაჟის დაბადებამდე გულიელმომ თავის მემკვიდრედ თავისი მამიდაშვილი გამოაცხადა.

როდესაც 1189 წლის ნოემბერში მეფე გულიელმო გარდაიცვალა, ტახტზე მისი მამიდაშვილი როჯერ II ავიდა, რომელმაც ჯოანს დიდი ადგილ-მამულები და დიდი თვიური პენსია დაუნიშნა.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბოლოოდ, 1190 წელს მისი ძმა, ინგლისის მეფე რიჩარდ I ჯოანთან ჩავიდა იტალიაში. რეალურად მან უბრალოდ გზად გაიარა სიცილია, რათა ჯვაროსნული ლაშქრობისას წმინდა მიწამდე ჩაეღწია. რიჩარდმა ამ ზამთრის იტალიაში თავის დასთან გატარება და ძალების მოკრება გადაწყვიტა, რის შემდეგაც იგი ქალაქ მესინაზე გაილაშქრებდა. როდესაც რიჩარდმა სიცილია დატოვა, მალევე, 1191 წლის მარტში ჯოანის დედა, ელეონორ აკვიტანიელი ჩავიდა სიცილიაში რიჩარდის ცოლთან, დედოფალ ბერენგარია ნავარელთან ერთად, რომელსაც რიჩარდი ჯერ ნანახიც არ ჰყავდა და არც ინგლისში იყო ნამყოფი.

მალევე ელეონორა ინგლისში დაბრუნდა, თუმცა ბერენგარია ჯოანთან დარჩა. ცნობილია, რომ ბერენგარია და ჯოანი ძალიან მალე საუკეთესო მეგობრები გახდნენ. რიჩარდმა ჯოანს სთხოვა, რომ ბერენგარია გემით მასთან ჩაეყვანა ახლო აღმოსავლეთში. ჯოანი და ბერენგარია მართლაც ჩავიდნენ პორტამდე, თუმცა მალე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომელმაც ორი გემი დაამსხვრია, ამიტომაც დედოფლებმა წასვლა გადაიფიქრეს. მიუხედავად ამისა ისინი მალე მაინც გაემგზავრნენ რიჩარდთან. ჯოანი და ბერენგარია მართლაც ჩავიდნენ კვიპროსში, თუმცა რიჩარდი უკვე კრეტაზე გადასულიყო. ამ დროს კვიპროსის დესპოტმა ისააკ კომნენოსმა დედოფლები ტყვედ ჩაიგდო და მხოლოდ დიდი გამოსასყიდის შემდეგ გაანთავისუფლა ისინი. საბოლოოდ, მხოლოდ 1191 წლის 12 მაისს შეხვდნენ და დაქორწინდნენ ბერენგარია და რიჩარდი. მათი ქორწილი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში შედგა, რის შემდეგაც წყვილი აკრაში გაემგზავრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოანი რიჩარდის საყვარელი და იყო, იგი მის პოლიტიკურ საქმეებში არასდროს ერეოდა. რიჩარდმა ჯოანს ეგვიპტის სულთან სალადინის ძმაზე, ალ-ად-დინზე ქორწინება და იერუსალიმის დედოფლობა შესთავაზა, თუმცა ჯოანმა მუსულმანთან ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამასთან ამ ქორწინების წინააღმდეგ გაილაშქრეს კათოლიკური ეკლესიის მღვდელ-მთავრებმაც, რომლებმაც რიჩარდს აუკრძალეს მუსლიმებთან დანათესავებაზე ფიქრი. მალე ჯოანზე ქორწინების იდეა გამოთქვა საფრანგეთის მეფე ფილიპ II-მაც თუმცა ქორწინება ჩაიშალა, რადგან ფილიპის მამა და ჯოანის დედა ადრე ცოლ-ქმარნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი და-ძმა არ ყოფილან რომის პაპმა ამ ქორწინებაზე მაინც უარი განაცხადა.

1196 წლის ოქტომბერში ჯოანი ცოლად გაჰყვა ტულუზის გრაფ რაიმონ VI-ს. მიუხედავად ცოტახნიანი ქორწინებისა, ჯოანსა და რაიმონს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინათ.

ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ჯოანისა და რაიმონის ქორწინება უიღბლო იყო. ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ 1199 წელს ჯოანი თავისი ძმის, რიჩარდ I-ის დომენში გადასახლდა და რაიმონი მიატოვა. ამ დროისათვის ორსული ჯოანი, ძმისგან ნებართვის მიღების შემდეგ ნორმანდიაში დასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი თვეები. 1199 წლის 4 სექტემბერს 33 წლის ჯოანი მშობიარობისას დაიღუპა. იგი დაკრძალეს ფონტერვუდის სააბატოში.

ცნობილია, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციისას მისი საფლავი ამოთხარეს და გაძარცვეს, თუმცა შემდეგ ბურბონთა რესტავრაციისას ჯოანი ხელმეორედ, დიდი პატივით დაკრძალეს.

ჯოანს პირველ ქმართან მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდა:

  1. ბემონი (1182-?), აპულიას ჰერცოგი;

ჯოანს მეორე ქმართან სამი შვილი ჰყავდა:

  1. რაიმონ VII (1197-1249), ტულუზისა და პროვანსის გრაფი, ცოლად შეირთო სანჩა არაგონელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა მარგარიტა ლუზინიანზე;
  2. ჟანა (1198-1255), ცოლად გაჰყვა ოვერნის გრაფ ბერნარდ II-ს;
  3. რიჩარდი (1199), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  • Alio, Jacqueline (2017). Margaret, Queen of Sicily. Trinacria. ISBN 978-0-991-58865-7.
  • Bowie, Colette (2014). The Daughters of Henry II and Eleanor of Aquitaine. Brepols. ISBN 978-2-503-54971-2.
  • Bowie, Colette (2013). "Shifting Patterns in Angevin Marriage Policies: The Political Motivations for Joanna Plantagenet's Marriages to William II of Sicily and Raymond VI of Toulouse". In Aurell, Martin. Les stratégies matrimoniales (IXe-XIIIe siècle). Brepols. pp. 155–167. doi:10.1484/M.HIFA-EB.5.101234.
  • Bowie, Colette (2013). "To Have and Have Not: The Dower of Joanna Plantagenet, Queen of Sicily (1177-1189)". In Woodacre, Elena. Queenship in the Mediterannean: Negotiating the Role of the Queen in the Medieval and Early Modern Eras. Palgrave Macmillan. pp. 27–50. doi:10.1057/9781137362834_3. ISBN 978-1-349-47278-9.
  • Owen, D.D.R. (1984). Eleanor of Aquitaine: Queen and Legend. Cooper Square Press. ISBN 0-631-20101-7.
  • Payne, Robert (1996). The Dream and the Tomb: A History of the Crusades. Wiley-Blackwell. ISBN 0-8154-1086-7.
  • "Eleanor of Aquitaine: Lord and Lady" (2008). Bonnie Wheeler and John Carmi Parsons (eds.). Palgrave Macmillan. ISBN 0-230-60236-3.