Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

სერგო ქავთარაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქავთარაძე.
რედაქტირება სერგო ქავთარაძე

სერგო ივანეს ძე ქავთარაძე (დ. 30 აგვისტო, 1885, სოფელი ზოვრეთი, ქუთაისის გუბერნია — გ. 17 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რევოლუციონერი.

1915 წელს ს. ქავთარაძემ დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. ქ. ქუთაისის მშრომელთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი, რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომტეტის წევრი. პარტიის დავალებით გაემგზავრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მრავალი წლის განმავლობაში. ს. ქავთარაძე ეწეოდა პარტიულ და ჟურნალისტურ მუშაობას პეტერბურგში, თბილისში, ბათუმში, იმყოფებოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვში, ორენბურგში.

1920 წლს 7 მაისიდან 1921 წ. 25 თებერვლამდე ს. ქავთარაძე იყო რ.ს.ფ.ს.რ წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მცირე ხნის განმავლობაში იყო საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს (ე.წ. "სახკომსაბჭოს") თავმჯდომარე საქართველოში. ს. ქავთარაძე ტროცკისტობის ბრალდებით იქნა დატყვევებული, თუმცა შემდეგ სასჯელი მოეხსნა და რეაბილიტირებულ იქნა იოსებ სტალინთან მისი პირადი მეგობრობის წყალობით. 1939 წლიდან ს. ქავთარაძე დიპლომატიურ სამუშაოზეა - არის სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მუშაობის განყოფილების გამგე. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე. 1945-1952 წლებში ს. ქავთარაძე იყო სსრ კავშირის ელჩი რუმინეთში, შემდეგ - სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. 1954 წლიდან ს. ქავთარაძე პერსონალური პენსიონერია.

ს. ქავთარაძე დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს ვარსკვლავის ორდენით. ს. ქავთარაძის სახელი დაერქვა ქუჩას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — სოფიო აბრამის ასული ვაჩნაძე (დაიბადა 1 სექტემბერი, 1894, გატჩინო — გარდაიცვალა 17 აპრილი, 1980, მოსკოვი).

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 340, თბ., 1994