Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

სერგი დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დანელია.

სერგი იოსების ძე დანელია (დ. 27 ოქტომბერი, 1888, სოფ. ნაჯახავო, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 2 მარტი, 1963, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლა განაგრძო ჯერ ხარკოვისა და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. ერთხანს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რუსეთსა და საქართველოში, ხოლო 1920 წელს მიიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ დისციპლინათა ლექტორად.

ს. დანელიას მეცნიერული ინტერესების ძირითადი სფერო იყო ანტიკური ფილოსოფიის ისტორია. იგი ჩვენში პირველია, ვინც შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპები. მან ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნაშრომებია: „ანტიკური ფილოსოფია“, „ატომისტიკა ძველ საბერძნეთში“, „სოკრატეს ფილოსოფია“ და სხვები. მასვე დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი ფილოსოფიური ნაშრომების ქართულად თარგმნის საქმეში, როგორებიცაა: „არისტოტელეს პოეტიკა და განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტის „მატაფიზიკური გააზრებანი“, ლაიბნიცის „მონადოლოგია“, ლუკრეციუსის „ბუნებისათვის საგანთა“ და სხვა.

მეცნიერს მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს ახალი ფილოსოფიის ისტორიაშიც. იგი იკვლევდა ბარუხ სპინოზას, დეივიდ იუმის, იმანუელ კანტის, ჟან-ჟაკ რუსოს, ოგიუსტ კონტის და სხვათა მსოფლმხედველობას.

ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ მეცნიერს, როგორც ლექტორს და ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელს. წლების განმავლობაში უძვებოდა ლექციების კურს ძველი და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, დასავლეთ ევროპის აზროვნებისა და ლიტერატურის, პედაგოგიკასა და პედაგოგიკის ისტორიაში.

1933 წლიდან ს. დანელია სათავეში ედგა ჩვენი უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას და ამ სფეროსაც დიდი ამაგი დასდო; კითხულობდა რუსული ლიტერატუის ისტორიის კურსს. ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ გოგოლის, ივანე ტურგენევის, ლევ ტოლსტოის და სხვათა შემოქმედებას, ხოლო მონოგრაფია „ნარკვევები XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიიდან“, გასული საუკუნის რუსული ლიტერატურის პირველი სისტემატური კურსია ქართულ ენაზე.

ს. დანელიას ცხოვრების გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. 1924 წელს მენშევიკურ გამოსვლებთან დაკავშირებით ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ შალვა ნუცუბიძესთან ერთად როგორც უპარტიო მეცნიერს უნდობლობა გამოუცხადეს და ლექციები წაართვეს. ამასაც არ დასჯერდნენ — ნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმში დასდეს ბრალი. იგი ისე გარდაიცვალა, რომ არ აღირსეს ფილოსოფიის კურსის წაკითხვა. ამ დაბრკოლებათა მიუხედავად, საკუთარ სიმართლეში დარწმუნწბული მეცნიერი დიდი რუდუნებითა და შემართებით ემსახურებოდა ქართული აზროვნების საქმეს.

პროფესორ ს. დანელიას სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა აღინიშნა მისთვის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდებით. დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 121, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]