რუსული მართლწერის რეფორმა
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთან ჯერ კიდევ 1904 წელს ჩამოყალიბებულ იქნა მართლწერის წესების დამდგენი საგანგებო კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა რუსული ენის არსებული ფონოლოგიისა და ორთოგრაფიის ურთიერთდაახლოებას, განახლებას. მიუხედავად ამისა, მრავალი წლის შემდეგ, მხოლოდ 1917 წლის მაისში მოწვეული იქნა სესია, რომელზედაც წაკითხული და დამტკიცებული იქნა მომზადებული რეფორმა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შიდა არეულობის გამო მართლწერის რეფორმის კანონიერად გაფორმება გადაიდო. საგანგებო კომისიის მიერ შემუშავებული და დადგენილი ახალი მართლწერის წესები მოგვიანებით სახალხო კომისართა სამთავრობო საბჭოს მიერ იქნა ვიზირებული და საბოლოოდ, 1918 წლის 10 ოქტომბერს მიღებულ იქნა დეკრეტი სახელწოდებით „ახალი ორთოგრაფიის შემოღების შესახებ“, — რუსულად «Декрет о введении новой орфографии».
გაუქმებული ასო-ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის მართლწერის რეფორმამდელი რუსული ანბანი
|
1918 წელს განხორციელებული მართლწერის რეფორმა არის დღემდე ბოლო, და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმა რუსული გრაფიის ისტორიაში. ხსენებული რეფორმის შედეგად რუსული ანბანი 33 ასო-ნიშანზე იქნა დაყვანილი, რამაც მნიშვნელოვანწილად გაადვილა რუსული ორთოგრაფია.
გამოყენებიდან ამოღებული იქნა 4 ასო-ნიშანი, რომლებიც სხვა ასოებით ჩაანაცვლეს, ხოლო ჩანაცვლება კი რეალიზებულ იქნა ასოთა ურთიერთმსგავსების ან -იდენტურობის პრინციპით.
ასე იქნა დაძლეული უამრავი სიტყვის რეფორმამდე პრობლემად ქცეული დაწერილობა, რომელიც ეტიმოლოგიურ ან ტრადიციულ მიზეზთა გამო ნორმად მიიჩნეოდა, და მათი დასწავლა-დამახსოვრება მხოლოდ ცალკეულ სიტყვათა გრაფიის დაზეპირების (წერითი ვოკაბულარი) გზით იყო შესაძლებელი.
თანამედროვე რუსულ ენაში შემდეგი 4 ასო-ნიშანი არ გამოიყენება 1918 წლის ორთოგრაფიის რეფორმის შედეგად: i, ѣ, ѳ, ѵ
ასო-ნიშანი "І"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო „І“ შეიცვალა „и“ ასო-ნიშნით, ხოლო ეს უკანასკნელი კი იდენტური ბგერების, "i"-სა და "j"-ის გადმოსაცემად გამოიყენებოდა. ასო „І“ იწერებოდა სხვა ხმოვნების წინ, ასო-ბგერა „й“ წინ, და მას ეტიმოლოგიური მიზეზით აგრეთვე კიდევ რამდენიმე სიტყვაში წერდნენ, მაგ.:
- მანამდე: исторiя – დღეს: история (ისტორია)
- მანამდე: синiй – დღეს: синий (ლურჯი, მამრ. სქესის ზედსართავი სახელი)
- მანამდე: міръ – დღეს: мир (მსოფლიო)
- მანამდე: Нью-Іоркъ – დღეს: Нью-Йорк (ნიუ-იორკი)
ასო-ნიშანი "ѣ"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო-ნიშანი „ѣ“, რომლის რუსული სახელწოდება იყო "ჲატი", ჩანაცვლებული იქნა ასო-ნიშნით „е“. თავდაპირველად, ჲატი გრძელი ხმოვნის გადმოსაცემად გამოიყენებოდა და იგი დაახლ. წარმოითქმებოდა დაახლოებით როგორც [æ:] ანდა როგორც დიფტონგი [ie:]. დროთა განმავლობაში ჲატის წარმოთქმა შეიცვალა და შეერწყა თანამედროვე რუსულ [e]-სა და უკრაინულ [i]-ს.
1918 წლამდე „ѣ“ (ჲატი) ენობრივი რელიქტის სახით სლავური წარმოშობის ძალიან ბევრ სიტყვაში იყენებდნენ. პრობლემა ის იყო, რომ ფონეტიკურად მისი გარჩევა [e]-საგან შეუძლებელი გახდა, და მის სწორედ გამოსაყენებლად საჭირო გახდა უამრავი წესისა და გამონაკლისების დაზეპირება. თანამდეროვე რუსულში დღემდე არის შემორჩენილი გამოთქმა "выучить на ять", რომელიც აზრობრივად ითარგმნება ასე; რაიმეს შესწავლა ჲატის გამოყენებასავით, ანუ "რაღაცის კარგად დაზეპირება".
მაგალითები ძველი და ახალი მართლწერის საეგზემპლიკაციოდ:
- მანამდე: дѣвочка – დღეს: девочка (გოგონა)
- მანამდე: лѣто – დღეს: лето (ზაფხული)
- მანამდე: медвѣдь, პირველ მარცვალში „е“-თი, ხოლო ბოლოში კი „ѣ“-ით – დღეს: медведь (დათვი)
- მანამდე: крѣпкій – დღეს: крепкий (მაგარი ან ძლიერი, მამრ. სქესის ზედსართავი სახელი)
ასო-ნიშანი "ѳ"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო-ნიშანი „ѳ“-ს რუსულში фита́ ( იტა) ერქვა და ბერძნულ თეტა-ს წარმოადგენდა, ჩანაცვლებული იქნა „ф“-ით, რომელიც იდენტური ბგერის, " f "-ის გადმოსაცემად გამოიყენებოდა. ეტიმოლოგიური მიზეზების გამო „ѳ“ გამოიყენებოდა ბერძნული წარმოშობის სიტყვებში, რომლებშიც თეტა გვხვდება. მაგ.:
- მანამდე: ѳита – დღეს: фита (თეტა)
- მანამდე: ариѳметика – დღეს: арифметика (არითმეტიკა)
- მანამდე: Ѳеодоръ – დღეს: Фёдор (საკ. სახელი თევდორე)
- მანამდე: Мараѳонъ – დღეს: Марафон (მარათონი)
თვითონ ბერძნულში "თეტა" დღესაც არსებობს და თავისი ფონეტიკური ხარისხით, ანუ ჟღერადობით ძალიან ჰგავს ინგლისურ th ასოთშეთანხმებას.
ასო-ნიშანი "ѵ"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო-ნიშანი იჟიცა, - „ѵ“, რუსულში სახეცვლილი ფორმით იფსილონს წარმოადგენდა, ჩანაცვლებული იქნა „и“-თ, რომელიც რუსულში თავისი ფონეტიკური ხარისხით, ანუ ჟღერადობით იდენტური ბგერის [i]-ს გადმოსაცემად გამოიყენებოდა. თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ ѵ-ს გამოყენება XVIII საუკუნეში უაღრესად იშვიათად გამოიყენებოდა, მართლწერის რეფორმაში არ უხსენებიათ. იჟიცა გამოიყენებოდა ლამის მხოლოდ სიტყვა мѵро-ს (აგრეთვე ძალზედ იშვიათად სიტყვა сѵнодъ-ის) წერისას. იჟიცა „ѵ“ ეტიმოლოგიური მიზეზების გამო მხოლოდ ბერძნული წარმოშობის იმ საეკლესიო ცნებებში გამოიყენებოდა, რომლებშიაც გვხვდება ე.წ. მოკლე ი. ბერძნული „მოკლე ი“ თავის დროზე გადაიღო არაერთმა ლათინური დამწერლობის მქონე ენამ, სადაც მას იფსილონს (გერმანულში იფსილონ = მოკლე ი), ან იგრეკს (ფრანგულში იგრეკს = ბერძნული ი) უწოდებენ.
- მანამდე: сѵнодъ – დღეს: синод (სინოდი)
- მანამდე: мѵро – დღეს: миро (მირონი)
- მანამდე: ѵпостась – დღეს: ипостась (იპოსტასი)
- მანამდე: ѵссопъ – დღეს: иссоп (კრაზანა)
ასო-ნიშანი "ъ"
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ მართლწერის რეფორმის შედეგად მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა „ъ“ -ის, - ე.წ. „ტვჲორდი ზნაკი“-ს (ქართ. მაგარი ნიშანი) გამოყენება. კერძოდ, თუ რეფორმამდელ რუსულში ე.წ. მაგარ თანხმოვნებზე დასრულებული სიტყვები დაირთავდნენ ამ ნიშანს, იგივე სიტყვები ახალი წესების შედეგად უკვე აღარ საჭიროებდნენ ხსენებული ასო-ნიშნის დართვას. თუმცა ეს ასო-ნიშანი „ъ“, რომელსაც 1918 წლამდე еръ (jer) ერქვა, მაინც შემორჩა რუსულ ანბანს და დღეს მაგარ ნიშნად იწოდება.
თანამედროვე რუსულში „ъ“ ნიშანი ასრულებს თანხმოვნის გამამაგრებელ ფუნქციას იმ შემთხვევებისთვის, თუ თანხმოხმოვანბოლოიან პრეფიქსს ერთვის იოტირებულ ხმოვანზე დაწყებული სიტყვა. მაგარი ნიშნის გარეშე დაწერილი ზმნა „отъехать“ (= გამგზავრება, ადგილიდან (მანქანით) დაძვრა), წაიკითხებოდა და არა როგორც ატჲეხატ', არამედ როგორც აწჲეხატ', ანუ მკითხველს მოუწევდა თანხმოვან т-ს რბილად წარმოთქმა, რაც სალიტერატურო რუსული ენისთვის ნორმალური არ იქნებოდა.
რესურსები ინტერნეტში რუსული დამწერლობის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსული ორთოგრაფია
- "რუსული რეფორმამდელი ორთოგრაფია: მითები და ფაქტები"
- ასო-ნიშან ё-ს ისტორია
- ლათინიზაცია საბჭოთა კავშირში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ivanov, Vjačeslav, Vsevolodovič : Der Große Oktober und die russische Sprache (დიდი ოქტომბერი და რუსული ენა). 1. Auflage. Leipzig: VEB Verlag Enzyklopädie, 1977.