ნიკოლოზ ბუკრეტოვი
ნიკოლოზ ადრიანეს ძე ბუკრეტოვი (რუს. Никола́й Адриа́нович Букре́тов) (დ. 25 მარტი, 1876, თბილისი, — გ. 8 მაისი, 1930, ნიუ-იორკი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916), წარმოშობით თბილისის გუბერნიის ებრაელთა თემიდან.
დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი, მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, გენერალური შტაბის აკადემია I თანრიგით (1903). 1911–1914 წლებში ასწავლიდა თბილისის სამხედრო სასწავლებელში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1916 წლიდან მეთაურობდა ყუბანის პლასტუნთა მე-2 ბრიგადას, 1917–1918 წლებში იყო ყუბანის ჯარების სარდალი და მთავრობის წევრი. 1918 წელს სამსახურიდან გადადგა. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს მოხალისეთა არმიის მიერ ყუბანის დაკავების შემდეგ, 1919 წელს ყუბანის რადამ ატამანად აირჩია. წითელი არმიის წინსვლასთან ერთად, 1920 წლის აპრილში ყუბანის კაზაკთა ჯარით სოჭისკენ დაიხია. საქართველოს ხელისუფლებამ უკანდახეულ კაზაკებს საზღვრის გადმოკვეთაზე უარი უთხრა. ყუბანელთა დიდი ნაწილი ბოლშევიკებს დანებდა, ხოლო ბუკრეტოვი ყუბანის რადის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში გაიქცა. აქედან ის ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატებში ემიგრირდა. დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ჯილდოთი, მ. შ., წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1915).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
- Рутыч Н. Н. Биографический справочник высших чинов Добровольческой армии и Вооруженных Сил Юга России: Материалы к истории Белого движения. — М., 2002. — С. 69—70.