მელოდრამა
მელოდრამა (ბერძ. melos — სიმღერა, drama — მოქმედება) — დრამის ჟანრული ფორმა, რომელიც ჩაისახა XVIII საუკუნის ბოლო წლებში. თავიდან იგი აღნიშნავდა მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებს, რომელშიც პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები მუსიკალური თანხლებით იყო წარმოდგენილი.
თანამედროვე გაგებით მელოდრამის ფუძემდებლად ითვლება გილბერ დე პიქსერეკური. პირველი მელოდრამა — ვიქტორი ანუ ტყის ბავშვი — მან 1799 წელს დაწერა. დამახასიათებელია მძაფრი ინტრიგა, პათეტიკური ვნებათაღელვა და ჭარბი ემოციურობა, დამრიგებლობითი ხასიათი. მელოდრამის გმირები საბედისწერო შემთხვევებიდან ყოველთვის უხიფათოდ (განსაკუთრებით კეთილი ბუნების ადამიანები) გამოდიან. მძაფრი დრამატული კონფლიქტების მიუხედავად, მოქმედება მშვიდობიანად მთავრდება.
ქართულ დრამატურგიაში მელოდრამად მიჩნეულია კ. ყიფიანის სამეგრელოს თავადი ლევანი, ვ. გუნიას და-ძმა. თანამედროვე დრამატურგიაში მელოდრამისადმი ინტერესი არ შეწყვეტილა, მაგრამ არა კლასიკური ფორმით, არამედ უფრო მელოდრამატული ტენდენციები იჩენს ხოლმე თავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელოდრამა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)