თემურიდები
თემურიდები — თემურლენგის მემკვიდრეთა დინასტია, მმართველები მავერანაჰრში, ირანსა და ინდოეთში 1370 წლიდან 1858 წლამდე.
თემურის გარდაცვალების ჟამს (1405 წელი) მისი ვაჟი შაჰრუჰი ფლობდა ხორასანს, თემურის შვილიშვილებიდან ჯეჰანგირის ვაჟი პირ-მუჰამედი მართავდა ავღანეთს, ომარი და აბუ-ბექრი (მირან-შაჰის ვაჟები) — აზერბაიჯანსა და ბაღდადს, პირ-მუჰამედი, რუსტამი და ისქანდერი (ომარ შეიხის ვაჟები) მართავდნენ ფარსს და ირანის ერაყს. მირან-შაჰის ვაჟი, ხალილ-სულთანი ჩინეთზე სალაშქროდ გამზადებული ჯარებით იდგა ტაშკენტში.
თემურმა თავის მემკვიდრედ დაადგინა პირ-მუჰამედი, ჯეჰანგირის ვაჟი, მაგრამ ის არ ცნეს.
თემურიდები მავერანაჰრში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხალილ-სულთანი ფლობდა მავერანაჰრს 1405−1409 წლებში, მაგრამ შემდგომ განიცადა მარცხი და იძულებული გახდა ეცნო შაჰრუჰის უმაღლესი ძალაუფლება, რომელიც 1405—1447 წლებში იყო ჰერათის სულთანი.
1409−1449 წლებში მავერანაჰრის მმართველი იყო შაჰრუჰის ვაჟი ულუღ ბეგი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე აბდ ალ-ლატიფი. აბდ ალ-ლატიფი მოკლა მისივე ბიძაშვილმა, ულუღ ბეგის ძმისშვილმა აბდულა იბნ იბრაგიმ სულთანმა და დაეუფლა მავერანაჰრს.
1451−1457 წლებში მავერანაჰრის მმართველი იყო აბუ საიდი. 1457 წელს მან შეძლო თემურიდების სახელმწიფოები მავერანაჰრი და ხორასანი გაეერთიანებინა ერთ სახელმწიფოდ.
1469−1494 წლებში მავერანაჰრს მართავდა აბუ საიდის ვაჟი, სულთანი აჰმედ მირზა.
თემურიდები ხორასანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემურიდებმა ბაღდადი ჯერ კიდევ 1405 წელს დაკარგეს, აზერბაიჯანი — 1408 წელს ( ყარა-ყოინლუს წინამძღოლის ყარა იუსუფის გამარჯვების შედეგად). დანარჩენი ოლქები შაჰრუჰმა თანდათანობით დაუქვემდებარა თავის ძალაუფლებას. 1406 წელს ხალილ სულთანმა გაანადგურა თემურის მემკვიდრე პირ მუჰამედი და 1407 წელს მოკლა კიდეც, რის შემდეგ შაჰრუჰმა დაიკავა ხორასანი. 1409 წელს მან დაიპყრო მავერანაჰრი და საკუთარი ვაჟი ულუღ ბეგი დანიშნა მმართველად. 1414 წელს მან, ასევე, ჩააქრო ისქანდერის აჯანყება და ფარსის გამგებლად დააყენა თავისი მეორე შვილი იბრაგიმი (1414—1435), ხოლო იბრაგიმის შემდეგ მისი ვაჟი აბდალაჰი (1435—1445).
შაჰრუჰმა რამდენიმეჯერ დალაშქრა აზერბაიჯანი და 1436 წლისათვის ისიც დაიქვემდებარა. მის მმართველად შაჰრუჰმა დანიშნა ყარა იუსუფის ვაჟი ჯეჰან შაჰი. შაჰრუჰი და მისი ვაჟები თავიანთ სამფლობელოებში ზრუნავდნენ კულტურის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლებისათვის.
შაჰრუჰის მეფობის დასასრულს კვლავ გაძლიერდა წინააღმდეგობრივი მოძრაობები და მისი სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო დაეცა. ულუღ ბეგი მოკლა საკუთარმა შვილმა აბდ ალ ლატიფიმა. ხორასანს ფლობდა შაჰრუჰის შვილიშვილი, აბუ-ლ-ყასიმ-ბაბური (1450—1457), მავერანაჰრს — მირან შაჰის შვილიშვილი, აბუ საიდი (1451—1469 წლები)
თემურიდებისაგან გამდგარი ჯეჰან შაჰმა 1452 წელს აიღო ფარსი, ხოლო 1457 წელს — ხორასანი, მაგრამ მცირე ხნით დათმო ეს ტერიტორიები აბუ საიდთან, რომელმაც მცირე ხნით აღადგინა თემურიდების სახელმწიფოს ერთიანობა. აზერბაიჯანის დაპყრობის მცდელობა (1469 წელი) გახდა აბუ საიდის სიკვდილიდ მიზეზი. ის ტყვედ ჩავარდა (1469 წლის 31 იანვარი) მოკლულ იქნა აყ-ყოინლუს წინამძღოლის უზუნ-ჰასანის მიერ.
თემურიდები მავერანაჰრსა და ხორასანში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბუ საიდის ვაჟი, სულთანი აჰმედ მირზა (1469—1494 წლებში) ფლობდა მხოლოდ მავერანაჰრს. თემურიდების ირანული სამფლობელოები გადავიდა თემურის სხვა მემკვიდრის ხელში (ომარ შეიხის მხრიდან). ეს იყო ჰუსეინ ბაიკარი (1469—1506 წლები), რომლის სახლი ჰერათში განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
აჰმედი და ჰუსეინი იყვნენ თემურის დინასტიის უკანასკნელი ძლიერი მმართველები.
თემურიდების სამფლობელოები დაიპყრეს მომთაბარე უზბეკებმა, რომელთა წინამძღოლმა შეიბანმა 1500 წელს აიღო მავერანნაჰრი, ხოლო 1507 წელს — ხორასანი. აჰმედის ძმისწული ბაბური შეიბან ხანის მავერანნაჰრიდან განდევნის რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ გამაგრდა ქაბულში (1504 წელს), საიდანაც შეიბანის სიკვდილის შემდგომ 1511 წელს მაინც მოახერხა მავერანაჰრის დაპყრობა. 1512 წელს მან საბოლოოდ გაწმინდა ქვეყანა და დააარსა ახალი სახელმწიფო — დიდი მოგოლთა იმპერია ცენტრით ინდოეთში.
ცნობილი თემურიდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დინასტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა სახელი გაითქვა, როგორც მეცნიერმა და ლიტერატორმა:
- ულუღბეკი — დიდი ასტრონომი და მათემატიკოსი.
- ჰუსეინ ბაიკარი (ფსევდონიმით ჰუსეინი) და ბაბური — ცნობილი პოეტები.
- ბაბური ცნობილია, აგრეთვე, როგორც ავტორი ისტორიული მემუარებისა სახელწოდებით „ბაბურ-ნამე“.
- თემურლენგის შვილიშვილი აბუ-ბექრი წერდა ლექსებს.
- თემურლენგის შვილიშვილი სულთანი ისქანდერი — პოეტი.
- მირან-შაჰის ვაჟი, ხალილ სულთანი ასევე წერდა ლექსებს.
- თემურლენგის შვილიშვილი, შაჰრუჰის შვილი — ბაისონკური იყო ჰერათში სამხატვრო გალერეის დამაარსებელი.
- ბაბურის ქალიშვილი გულბადან ბეგიმი — ერთადერთი ქალი ისტორიკოსი შუა საუკუნეების ინდოეთში.
- ბაბურის შთამომავალი, ზებუნისო — აღმოსავლეთში ცნობილი პოეტესა.
თემურიდების არქიტექტურის შედევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თემურიდების მმართველობის დროს შუა აზიაში, ირანში, ინდოეთსა და ავღანეთში შეიქმნა მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. კერძოდ:
- გურ ემირის მავზოლეუმი სამარყანდში
- ბიბი ხანუმის მეჩეთი სამარყანდში
- ულუღბეკის მადრასე სამარყანდში
- ხოჯა აჰმედ იასევის მავზოლეუმი თურქესტანში
- ჰუმაიონის მავზოლეუმი დელიში
- თაჯ-მაჰალის მავზოლეუმი აგრაში და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თემურიდების გენეალოგია
- თემურ ლენგის წყევლა თუ უბრალო დამთხვევა?
- გააგრძელე საქართველოს ისტორია. თემურ ლენგი
- თემურ ლენგი
- თემურ - ლენგის პირველი შემოსევების ისტორია , დაწერილი სტეფანე და ნერსე მეწოფელების მიერ
- თემურ ლენგი და გურ-ემირი
- პანიპატის პირველი ბრძოლა
- თემურიდების იმპერია დაარქივებული 2009-08-16 საიტზე Wayback Machine.