პეტრე გრუზინსკი
პეტრე პეტრეს ძე გრუზინსკი (ოფიციალური სახელი — პეტრე ბაგრატიონი; ფსევდონიმი — თამარაშვილი) (დ. 28 მარტი, 1920, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, იქვე) — ქართველი პოეტი და დრამატურგი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979); გიორგი XII-ის ძის, ბაგრატის შთამომავალი. მისი შვილია რეჟისორი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1941). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. თავდაპირველად წერდა თამარაშვილის ფსევდონიმით. ანტისაბჭოთა ლექსებისათვის 1945 წელს დააპატიმრეს. თანამშრომლობდა კომპოზიტორებთან: ანდრია ბალანჩივაძესთან, ოთარ თაქთაქიშვილთან, რევაზ ლაღიძესთან, ბიძინა კვერნაძესთან, ოთარ თევდორაძესთან, სულხან ცინცაძესთან და სხვ. მის ლექსებზე შეიქმნა პოპულარული სიმღერები, მათ შორის, რევაზ ლაღიძის „გვიხმობს სამშობლო“, „სიმღერა თბილისზე“ (დაიწერა თბილისის 1500 წლისთავისათვის), გოგი ცაბაძის „ჰიმნი სიყვარულს“, „მიმღერე რამე“, „სადაც გინდა, იქ ილოცე“, ბიძინა კვერნაძის „გაზაფხულდა“, ოთარ თევდორაძის „ობელისკები“ და სხვ. მისი ლექსები აჟღერდა აგრეთვე ქართულ ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ბაში-აჩუკი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბეზარა“, „მხიარული რომანი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მიმინო“, „განგაში“ და სხვ. პეტრე გრუზინსკის სცენარებზე შეიქმნა ქართული ფილმები: „შეხვედრა მთაში“, „საქართველოს რიტმები“ და „საჩუქარი“. იგი არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოს ავტორია, რომელთაგან აღსანიშნავია „შურისმაძიებელი“, „საყვარელი დისშვილი“ და სხვ., აგრეთვე დრამატული ნაწარმოებებისა („სასჯელის შიშით“, „შემთხვევა ზღვაში“, „ბრალდებული“) და საოპერო ლიბრეტოებისა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლექსები, პოემები, მინიატურები, სასიმღერო ლექსები, ნათარგმნი ლექსები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა „ეროვნული მწერლობის“ სტ., 2009. - 392გვ.. - ISBN: 978-99940-28-37-5
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 167.