Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

თუთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუთა, Morus nigra-ს ილუსტრაცია

თუთა, თუთის ხე, ბჟოლა (ლათ. Morus) — ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, იშვიათად ერთსახლიანი მცენარეა, ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი სხვადასხვა ფერის ცრუ რთული კურკიანაა. გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (ლათ. Morus alba) და ხართუთა (ლათ. Morus nigra). თეთრი თუთა ჩვენში უძველესი დროიდანაა მოშენებული. მის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. აშენებენ საქართველოს დაბლობ რაიონებში, აგრეთვე იზრდება გაველერებულად მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა, ეტანება ღრმა ნოყიერ ნიადაგს. ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელს. დეკორატიულია, ამრავლებენ თესლით, კალმით, მყნობითა და გადაწვენით.

თუთის ნაყოფს, რომელიც 10% და მეტ შაქარს შეიცავს, იყენებენ საკვებად (როგორც ნედლს, ასე გამხმარს), აგრეთვე სხვადასხვა საკვები პროდუქტისა და არყის დასამზადებლად. მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში. ქართველი სელექციონერებმა გამოიყვანეს და წარმოებაში დანერგეს თუთის მაღალპროდუქტიული ჯიშები: „თბილისური“, „ქუთათური“, „ივერია“, „ჰიბრიდი-2“ და სხვა, რომლებიც შედარებით უკეთ იტანენ ისეთ საშიშ დაავადებას, როგორიცაა წვრილფოთოლა სიხუჭუჭე. სელექციური ჯიშის ერთი ხე იძლევა 8-15 კგ ფოთოლს — 1,5-2,5-ჯერ მეტს, ვიდრე არასელექციური. ხართუთა მოშენებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც აგრეთვე გაველურებულად გვხვდება ჭალის ტყეებში. ნაკლებ ყინვა- და გვალვაგამძლეა, ფოთოლი აბრეშუმის ჭიის საკვებად უვარგისია. მისი სამშობლოა წინა აზია.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თუთა&oldid=4220106“-დან